სტარტაპ საქართველო

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2016 წლის ივნისიდან, ქვეყანაში ამოქმედდა ვენჩურული საინვესტიციო პროგრამა - "სტარტაპ საქართველო, რომელიც მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. სახელმწიფო პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა დამწყები ბიზნესების ინოვაციურ იდეებს,  ის სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავს: დაფინანსებას, საგადასახადო და იურიდიული პროცედურების გამარტივებას, ასევე, შესაბამისი განათლების ხელშეწყობას. 

პროექტის კოორდინატორები არიან "საპარტნიორო ფონდი“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“. სააგენტო დაფინანსებას გასცემს მხოლოდ უნიკალურ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ იდეებზე,  ხოლო საპარტნიორო ფონდი ინოვაციურ პროექტებზე. მთლიანად პროგრამისთვის პირველ ეტაპზე გამოიყო 11 მილიონი ლარი, რაც შემდეგ 35 მილიონ ლარამდე გაიზარდა.  

პროექტში 51 ფინალისტიდან 20-მა სტარტაპმა გაიმარჯვა და შესაბამისად მიიღო დაფინანსება. ბენეფიციარს არ მოეთხოვებოდა პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში  არის  95%. პროექტი კი დაფინანსდა 15,000-დან 100 000 ლარამდე. მაღალტექნოლოგიური პროექტების შემთხვევაში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივ საწარმოში პარტნიორად რჩება არაუმეტეს 7 წლის ვადით და არ ერევა სტარტაპის მმართველობაში. ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა გამარჯვებულმა სტარტაპებმა მიიღეს დაფინანსება პირადი ქონებით უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე. უზრუნველყოფა შემოიფარგლა მხოლოდ პროექტის ფარგლებში შექმნილი აქტივებით. 

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრენინგებს, ქოაჩინგს, მენტორინგს და საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის. 

ვენჩერული საინვესტიციო პროექტი განკუთვნილია მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებისთვის, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია. 

მაღალტექნოლოგიური პროექტები შეაფასეს ვენჩურულმა ინვესტორებმა სილიკონ ველიდან. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პროექტის ინოვაციურობას, ბიზნეს-მდგრადობას და პერსპექტიულობას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ასევე  უზრუნველყოფს წარმატებული პროექტების წარდგენას საერთაშორისო ინვესტორებისთვის, დამატებითი ინვესტიციების მოსაპოვებლად სილიკონ ველიში.

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის მიერ გატარებული ყველა მსგავსი სახის ღონისძიების საბოლოო მიზანი ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებაა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. პროექტი ხელს უწყობს დამწყებს ბიზნესმენებს, რომელთა ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად მსგავსი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, რაც საბოლოოდ საზოგადოებრივ წინსვლას განაპირობებს. ინოვაციური პროდუქტის სრულყოფა მნიშვნელოვანია ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.  პროგრამის არსებობა უნიკალური შანსია სრულიად ნულიდან განახორციელოს ინოვატორმა თავისი იდეა და შექმნას პროდუქტი, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე.

"სტარტაპ საქართველოს“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვატორების იდეებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.



დამატებით ამ თემაზე