ავიაკომპანია easyJet-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს ჟენევიდან, ლონდონიდან და მილანიდან შეასრულებს
31-03-2025

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოვიდა - დღეს ჟენევიდან თბილისის მიმართულებით ბრიტანულმა ავიაკომპანია easyJet-მა  პირველი რეისი შეასრულა. 

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს ჟენევიდან 31 მარტიდან, ლონდონიდან და მილანიდან კი 1 აპრილიდან კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს.

„პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანია EasyJet–ი შემოემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული მოვლენა საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. აღნიშნულს წინ უძღოდა საკმაოდ გრძელვადიანი და კომპლექსური მოლაპარაკებები და ძალიან სასიხარულოა, რომ მისი წარმატებით დასრულება შევძელით. შედეგად უკვე ვუმასპინძლეთ ავიაკომპანიის პირველ ფრენას ჟენევა-თბილისის მიმართულებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.  

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ პირველი რეისი ფაქტობრივად 100-პროცენტიანი დატვირთულობით შესრულდა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსადმი მოთხოვნა უკვე არსებობს. 

„ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ავიაკომპანია easyJet-თან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ და გავზრდით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს ავიაკომპანიასთან ერთად“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა, რომელიც 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. 

easyJet-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას წინ ხანგრძლივი, ინტენსიური მოლაპარაკებები უძღვოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.  

კომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უარდმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, TAV Georgia-ს და კომპანია easyJet-ის წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს ავიაინდუსტრიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.