"დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის. „ბრიტიშ ეარვეისმა“ დღეს შეასრულა პირველი პირდაპირი ფრენა ლონდონი - თბილისის მიმართულებით. ეს იყო საკმაოდ გრძელვადიანი და რთული მოლაპარაკებების პროცესი და ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანური ავიაკომპანიის „ბრიტიშ ეარვეისის“ მიერ ლონდონი - თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისის შესრულებასთან დაკავშირებულ მიღებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
31 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი“ ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბრიტანულმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი თბილისის მიმართულებით სრულად დატვირთული ბორტით შეასრულა. მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ლონდონში თვითმფრინავი ასევე სრული დატვირთვით დაბრუნდება, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ არსებული პირდაპირი ფრენა ძალიან წარმატებული იქნება.
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები დიდ ბრიტანეთში იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს. გვაქვს არაერთი პროექტი ავიაკომპანიასთან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წავახალისოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ბრიტიშ ეარვეისის“ შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ახალი განაცხადი იქნება“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, შედეგად, გაიზრდება ტურისტული ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც პირველ რიგში, უზრუნველყოფს, რომ გააძლიეროს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეები და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. „შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან წარმატებული იქნება,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია. თუმცა, ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ხნის ოპერირების ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ British Airways-ი კომპანია American Airlines-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის - OneWorld-ის თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა SkyTeam-ის და Star Alliance-ის შემდეგ. British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღვოდა ინტენსიური მოლაპარაკებები ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით წარმატებით დაასრულა.
British Airways-ის მიერ საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეთ უარდი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, British Airways-ის მენეჯმენტი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი და ავიაციის ინდუსტრიის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70