2024 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 367.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მეოთხე კვარტლის მონაცემს 24.4%-ით აღემატება
11-03-2025

2024 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 367.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მეოთხე კვარტლის მონაცემს 24.4%-ით აღემატება. 

ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის მე-4 კვარტალში ინვესტიციების მატება ძირითადად მალტადან (+42 მლნ. დოლარი), ნიდერლანდებიდან (+38 მლნ. დოლარი) და გაერთიანებული სამეფოდან (+17 მლნ. დოლარი) ინვესტიციების გაზრდას უკავშირდება. მეოთხე კვარტალში ინვესტიციები ასევე გაიზარდა გერმანიიდან (+8 მლნ. დოლარი), ისრაელიდან  (+5 მლნ. დოლარი) და თურქეთიდან (+5 მლნ. დოლარი). 

2024 წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა,წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 4.8-ჯერ გაიზარდა და მისმა მოცულობამ მთლიანი ინვესტიციების 26.9% შეადგინა. 

2024 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა გაერთიანებული სამეფოდან - (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.6%), მალტადან - (18.5%) და ნიდერლანდებიდან  (9.9%).  

2024 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში - 314.9 მლნ. დოლარი, შემდეგ მოდის უძრავი ქონების სექტორი - 65.8 მლნ. დოლარით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი - 23.1 მლნ.დოლარით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი - 18.8 მლნ. დოლარით და მეხუთე ადგილზეა ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი - 15.6 მლნ. დოლარით.

2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (გაიზარდა 23%-ით),  მალტადან (გაიზარდა 80.5%-ით), ჩეხეთიდან(გაიზარდა 279.3%-ით) და გერმანიიდან (გაიზარდა56.3%-ით).  

ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, 2024 წელს პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.6%-ს შეადგენს, მალტა - მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13.2 პროცენტით და ნიდერლანდები - 11.4 პროცენტით. 

2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა ენერგეტიკის (გაიზარდა 2.9 ჯერ, 82.2 მლნ. დოლარით და 126.5 მლნ. დოლარი შეადგინა), უძრავი ქონების (გაიზარდა 39.7%-ით და შეადგინა 155.3 მლნ. დოლარი) და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში (გაიზარდა 27.1%-ით და შეადგინა 21.1 მლნ. დოლარი).