ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის მთავრობის წევრებთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილა
07-03-2025

საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული პერსპექტივების საკითხებზე იმსჯელეს ორი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლებმა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვის ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. 

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი იმ ეკონომიკურ სექტორებზე გააკეთა, სადაც თანამშრომლობის განსაკუთრებით დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორის - ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებზე. 

„საქართველო თურქმენეთს საიმედო და მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თურქმენეთთან თანამშრომლობის ზრდის გაძლიერებას. დღესდღეობით საქართველო და თურქმენეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა, ჩვენს ქვეყნებს შორის საქონლის ბრუნვა არ არის იმ მოცულობის, როგორსაც ვისურვებდით. ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობისთვის გაცილებით დიდი პოტენციალი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტური და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის მთავრობის წევრებს ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მიღწევები და საინვესტიციო გარემო გააცნო, მან ასევე საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლსა და იმ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად აქცევს რეგიონული მასშტაბით. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.  

„საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს მსოფლიოს 46 ქვეყანასთან და ჰონგ კონგთან, რაც ნიშნავს მსოფლიოს 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას. ამასთან, ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი - გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, 2025 წლის იანვარში კი 11.1%. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი  2025-2029 წლებში საქართველოს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ექნება და ის საშუალოდ 5.2%-ს შეადგენს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის 2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ 81,03 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წელს თურქმენეთიდან საქართველოში 2 მლნ ტონაზე მეტი ტვირთის  გადაზიდვა მოხდა, საიდანაც 90%-ზე მეტი სატრანზიტო დანიშნულების იყო.   სარკინიგზო გადაზიდვებმა კი 1,503.2 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, გაიზარდა თურქმენეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა - 2024 წელს 18,000-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 

შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას: ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2025-2026 წლებისათვის თანამშრომლობის პროგრამას, შეთანხმებას მთავრობათა შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობებს შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თურქმენეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. 

ახლო მომავალში საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომის გამართვაა დაგეგმილი.