2024 წელს უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა და 13.9% შეადგინა
19-02-2025

2024 წელს უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა.  

ამასთან, 2024 წელს დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. გასულ წელს  დასაქმებულთა რაოდენობა  67.9 ათასით გაიზარდა და  მილიონ 402 ათასი შეადგინა.  დასაქმების დონე  2.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.1 პროცენტი შეადგინა. ასევე რეკორდულად დაბალია უმუშევართა რაოდენობა, რომელიც 34.7 ათასით შემცირდა და 227 ათასს გაუტოლდა.   

ბოლო სამი წლის განმავლობაში სტაბილურად ფიქსირდება უმუშევრობის შემცირების და დასაქმების ზრდის ტენდენციები. კერძოდ, 2021 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 6.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 185 ათასით არის გაზრდილი.   

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2024 წელს წინა წელთან შედარებით 40 ათასით გაიზარდა და 960.4 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 27.9 ათასით გაიზარდა და 441.5  ათასი შეადგინა. 

დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.  სამუშაო ძალა 2024 წელს წინა წელთან შედარებით 33.2 ათასით გაიზარდა და მილიონ 629 ათასით განისაზღვრა, ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 54.8 პროცენტს გაუტოლდა.  

კვარტალურ ჭრილში, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გაგრძელდა უმუშევრობის შემცირების და დასაქმების მზარდი დინამიკა  და უმუშევრობის დონემ მეოთხე კვარტლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.  

2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე  წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით  - 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2 პროცენტი შეადგინა.