ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები"
15-04-2025

„ჩვენი პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. პანდემიის შემდეგ საშუალოდ გვქონდა ეკონომიკური ზრდა 9.7%-ის ფარგლებში, რაც ორჯერ მეტად აჭარბებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდას. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ფართე რეგიონში და ამ ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საერთაშორისო პროცესები საკმაოდ არაპროგნოზირებადია, საქართველო კი მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშირისო ეკონომიკურ პროცესებთან" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები განიხილეს. 

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველომ 2022–2024 წლებში 5 მლრდ ამერიკულ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო. მისი ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 6 პროცენტია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიო მასშტაბით. ინვესტიციებზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერის,  Emaar Properties/Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას, რაც ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის და სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი გზავნილი.   

„საქართველოს ბიზნესკლიმატი და გარემო მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო რეიტინგებში - OECD-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი გარემოს შეფასების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა მმართველობის კუთხით, ხოლო მსოფლიო ბიზნესისთვის მზაობის საპილოტე რეიტინგში საქართველომ დაიკავა მესამე ადგილი სინგაპურისა და ესტონეთის შემდეგ“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ინვესტორების დაინტერესება გაზრდილია „შუა დერეფანთან“ მიმართებაშიც,  რადგან იკვეთება  მისი უპირატესობა სხვა მარშრუტებთან შედარებით. მისი შეფასებით, ეს ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს მომავალშიც, როდესაც რეგიონში არსებული ვითარება, ადრე თუ გვიან, შეიცვლება. აქედან გამომდინარე, მთავრობის ამოცანაა, წაახალისოს ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, რომლებიც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს და საქართველოს, როგორც სატრანზიტო, სატრანსპორტო დამაკავშირებელი ჰაბის როლს გაზრდის. მინისტრის განცხადებით, საუბარი არ არის მხოლოდ ტვირთნაკადებზე და ასევე მნიშვნელოვანია ენერგომატარებლები, მათ შორის, ელექტროენერგია და ციფრული ნაკადები.

„ყველაფერს - ელექტროენერგიას, ტვირთნაკადებს და ციფრულ ნაკადებს ერთი ბუნება გააჩნიათ და ყველგან გვაქვს ერთი ამოცანა - ხელი შევუწყოთ შესაბამისი კვანძების განვითარებას, რომ საქართველოზე გამავალი ნაკადები გაიზარდოს და ეკონომიკაში შეიქმნას დამატებითი ღირებულება ამ სერვისებიდან. ხაზგასასმელია, რომ სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტი ჩვენი ეკონომიკის ერთ ერთი მნიშვნელოვანი, ყველაზე მზარდი მიმართულებაა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არ ველოდოთ ინვესტორებს და სახელმწიფომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა შექმნას. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ პორტს - ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად გვექნება ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები, რომ ვესაუბროთ პარტნიორებს. პარტნიორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალი, კომპანია, რომელიც კომპლექსურ ეკოსისტემას ანაკლიის პორტის გარშემო ჩვენთან ერთად განავითარებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გავხდებით და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტვირთნაკადების ჩვენს დერეფანში დამაგრებას მოვახერხებთ,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პორტში პირველი გემების შემოსვლის თარიღად 2028 წელი იყო დასახელებული, შესაძლებელია, ანაკლიის ნავსადგურმა გემების მიღება 2027 წლის ბოლოსაც შეძლოს.  

ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაში „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები" მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.