2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5.1 მილიონ ვიზიტს მიაღწია
15-01-2025

2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი - 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით  ტურისტული ვიზიტები რაოდენობა 0.2% გაიზარდა. 

2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2023 წლის მაჩვენებლზე 4.2%-ით მეტია. რაც შეეხება 2019 წელს, მასთან შედარებით ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.  

„წარმატებით დასრულდა 2024 წელი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, დაფიქსირდა რეკორდული ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, რომელმაც 5.1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა გასულ წელს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ოდენობა, როგორიც არის ისრაელი, აშშ, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

წელს საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა თურქეთი  (1,336,834 ვიზიტი0, ისრაელი (310,982 ვიზიტი), ყაზახეთი (178,930 ვიზიტი), ინდოეთი (124,335 ვიზიტი), ჩინეთი (88,583 ვიზიტი), საუდის არაბეთი (88,298 ვიზიტი), უზბეკეთი (64,259 ვიზიტი), აშშ (51,728 ვიზიტი), საფრანგეთი (28,302 ვიზიტი), საბერძნეთი (27,557 ვიზიტი), ქუვეითი (27,277 ვიზიტი), ლატვია (22,297 ვიზიტი),  არაბთა გაერთიანებული საამიროები (14,889 ვიზიტი) და სხვ. 

რაც შეეხება 20024 წლის IV კვარტლის მონაცემებს, საანგარიშო პერიოდში ტურისტული და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-ზე მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 0.8%-ს შეადგენს. 

2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 4,5 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წელთან მიმართებაში კი აღდგენა 74.2%-ს შეადგენს.