საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების განხორციელებას საკმარისი რაოდენობის, მაღალი ხარისხის, სხვადასხვა სახის ენერგიის უწყვეტად და მისაღებ ფასად მიწოდებით. ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის დარგში დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა მოიცავს ქვეყნის ენერგეტიკის დარგის პრიორიტეტებს და დარგის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს, აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად მიმართულებებს. ენერგეტიკის დარგის განვითარების ერთიანი, გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება დარგის განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიების, მათზე დაფუძნებული ენერგეტიკული პროგრამების შემუშავების და დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის დახვეწის საფუძველი გახდება.
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:
ა) ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია, საქართველოს ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისება და რეზერვების შექმნა
ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია, აგრეთვე ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანი ათვისება და საჭიროების შემთხვევაში ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების მინიმალური სტრატეგიული რეზერვების შექმნა. საქართველოში არსებული ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მცირე მარაგების ფარგლებში ამჟამად მათი გარკვეული რაოდენობა მოიპოვება, თუმცა ამ პირველადი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელია. ამდენად, საჭიროა არსებული მარაგებისა და პოტენციური რესურსების ძებნა-ძიებისა და რაციონალური ათვისების მაქსიმალური ხელშეწყობა და ქვეყანაში ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნილების საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით დაკმაყოფილება იმპორტირებული ენერგომატარებლების ეტაპობრივი ჩანაცვლებით;
ბ) საქართველოს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება
კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრისა და ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. მას აქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების განხორციელებით. ამისთვის აუცილებელია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება სტაბილური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნით, მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებთან მჭიდრო და სტაბილური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით, სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებით, შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებით. ეს უზრუნველყოფს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოება
ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოება. ეს ხელს შეუწყობს კონკურენტული, გამჭვირვალე და ეფექტიანი ენერგეტიკული ბაზრის მოდელის ჩამოყალიბებას, მიმზიდველი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობის განვითარებას, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზით განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისებას და ენერგოეფექტიანობაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელებას.
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს, რომელსაც აქვს მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის კვანძი, შეეძლოს ელექტროენერგიის ნებისმიერი მიმწოდებლისგან შეძენა. 2017 წლიდან მომხმარებელს უფლება უნდა ჰქონდეს, გახდეს პირდაპირი მომხმარებელი, თუ ის დააკმაყოფილებს შესაბამისი „ქსელის წესებითა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს;
დ) საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და ენერგიით ვაჭრობის მექანიზმის გაუმჯობესება
კონკურენტული საბაზრო ურთიერთობები ყველაზე მოქნილი ინსტრუმენტია ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილების და მათი მიწოდების ოპტიმიზაციისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის პირობებში. კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი ჩამოყალიბებისა და ენერგიით ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ძლიერი და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნა, დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის დახვეწა, ეტაპობრივი დერეგულირების გაგრძელება და საქართველოს ენერგეტიკული სისტემის რეგიონალურ ენერგეტიკულ სისტემებთან ტექნიკური სინქრონიზაცია;
ე) საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანზიტო ქვეყნის, როლის გაზრდა
საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა. მას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს, აქვს იმის პოტენციალი, რომ გაზარდოს თავისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო პროექტების განხორციელებაში. გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტიანი გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას;
ვ) საქართველო – სუფთა ენერგიის წარმოების და ამ ენერგიით ვაჭრობის რეგიონალური ცენტრი
საქართველოში არსებული ჰიდრორესურსები და სხვა განახლებადი რესურსები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო საშუალებას იძლევა, ქვეყანა სუფთა ენერგიის წარმოების და ამ ენერგიით ვაჭრობის რეგიონალურ ცენტრად იქცეს.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის დახვეწისთვის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სუფთა ენერგიის პოტენციალის გამოყენებას და ქვეყნის სუფთა ენერგიით ვაჭრობის რეგიონალურ ცენტრად ქცევას;
ზ) ენერგოეფექტიანობისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება და განხორციელება
წარმოებული პროდუქციის ენერგოტევადობა მისი კონკურენტუნარიანობის და ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ეს მაჩვენებელი საქართველოში არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ სხვა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებზე მაღალია. ენერგოტევადობის შესამცირებლად ენერგიის მოხმარების გონივრული მართვა ეკონომიკური განვითარების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა.
ენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების სწორი მართვა, აგრეთვე ენერგოეფექტიანობის პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციაში. ენერგიაზე მოთხოვნილების მართვის სისტემის ხელშესაწყობად უნდა შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, დაიგეგმოს და განხორციელდეს ენერგოეფექტიანი მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების შექმნასა და დანერგვაზე ორიენტირებული ღონისძიებები, შემუშავდეს და დაწესდეს ენერგოეფექტიანი პროგრამების განხორციელებისათვის ენერგეტიკული საწარმოებისა და მომხმარებლების წახალისების მარეგულირებელი ნორმები;
თ) ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი კომპონენტების გათვალისწინება
სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას, მათ შორის, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც მოიცავს სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასებას, ადგილობრივ თემებთან კონსულტაციების გამართვას, შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ი) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლის ინტერესების დაცვა
მეტად მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება (მათ შორის, ენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ინფრასტრუქტურის განახლება, რეაბილიტაცია და ინდივიდუალური გამრიცხველიანების დასრულება) და მომხმარებლის ინტერესების დაცვა. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი მონოპოლიები შეადგენს. ამდენად, საჭიროა მარეგულირებელი ორგანოს რეგულირების ფუნქციის გაძლიერება, რაც, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, სამართლიანი მიდგომის პრინციპის დაცვით უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების რეგულირებას. ამისთვის უნდა განისაზღვროს მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტები და მისი შეფასების კრიტერიუმები, დადგინდეს მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მარტივი და სამართლიანი წესები მარეგულირებელი ორგანოს მიერ.
ენერგეტიკული ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფების დადგენა. სამართლიანმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს, რომ, ერთი მხრივ, საწარმომ სრულად აინაზღაუროს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება სამართლიან და გამჭვირვალე ფასად. მომხმარებელთა სოციალურად დაუცველი ფენების შეუფერხებელი ენერგომომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამებით და მიზნობრივი სუბსიდიებით. ამასთანავე, ენერგეტიკული სისტემის გრძელვადიანი, მდგრადი ფინანსური და ტექნიკური განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისათვის შეიძლება დადგინდეს გრძელვადიანი, წინასწარ განსაზღვრული (მათ შორის, ზღვრული) ტარიფები.
საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის გამოწვევების დაძლევის გეგმა
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70