მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის დელეგაციასთან ენგურჰესის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილა
08-04-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი, ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია, შპს "ენგური ატრაქციის" დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და USAID - ის მისიის წარმომადგენლები. 

განხილულ იქნა აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტთან სამინისტროს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენგურჰესის რეკრეაციული გამოყენების განვითარების მიზნით აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის ტექნიკური დახმარებაზე. 

აღინიშნა, რომ ენგურის თაღოვანი კაშხალი, რომელიც ამავე დროს არის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, თავისი პირველადი და სტრატეგიული დატვირთვის პარალელურად, ფართო საზოგადოებისთვის სულ უფრო მეტად ხდება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი. თუმცა, ამავე დროს, სადგურის თაღოვანი კაშხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფონზე, ვიზიტორთა დაცულობის საკითხი ენგურჰესის ტურისტული მარშრუტის შემდგომი განვითარების აუცილებელი პირობაა, რაც კომპლექსური მართვის სისტემის შემუშავებას საჭიროებს. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ის დიდ გამოცდილებას ამ მიმართულებით - წარმატებულ მაგალითად დასახელდა ჰუვერის კაშხალი აშშ- ში, რომლის მართვასაც ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის სამელიორაციო ბიურო ახორციელებს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაიწყო ენგურის კაშხლის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ტურისტული ლოკაციის განვითარების ხელშემწყობი ქმედებების განხორციელება. კერძოდ, ჰუვერის კაშხლის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, დახმარების მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ენგურის კაშხლის სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოებისა და ვიზიტორთა დაცულობის სისტემის განვითარება და დანერგვა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს საჯარო უწყებებთან, ასევე განხორციელდება საველე გასვლა ენგურის კაშხლის ტურისტული მარშრუტის დეტალურად შესასწავლად. შედეგად, მომზადდება რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვიზიტორთა დაცულობისა და სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდგომი პირობების ჩამოყალიბებას.

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021