ევრო 2024-ის ქომაგები ავიაბილეთებს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე სუბსიდირებული ფასით შეიძენენ
20-05-2024

18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ, ევრო 2024-ის 3,000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი.

სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლოს დაიწყება. 

ჩარტერული რეისები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან Georgian Wings-თან (თბილისი), Georgian Airways-თან (თბილისი), Wizz Air-თან (ქუთაისი) და კომპანია გასა-სთან (თბილისი) თანამშრომლობით შესრულდება. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით განხორციელდება და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული.  

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.

„ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმუშავა, რომ კონკრეტული ჩარტერული რეისები შეგვეძინა და ჩვენს ქომაგებს საშუალება ჰქონოდათ, პირდაპირი ფრენები განეხორციელებინათ თამაშებზე დასასწრებად. ვიმუშავეთ ავიაკომპანიებთან და დამატებით 3000 ქომაგი შეძლებს საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრებას. ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს. რაც შეეხება მთლიანად საქართველოს - რამდენიმე ათასი ბილეთია შეძენილი საქართველოში და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან ბევრმა მოქალაქემ უკვე მოახერხა ავიაბილეთების როგორც ტრანზიტული გზით, ისე პირდაპირი მიმართულებებით შეძენა. აქაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით საქართველოში ოპერირებად ყველა კომპანიასთან - მათ მაქსიმალურად დაამატეს ფრენები. გვქონდა გარკვეული შეღავათები ამ კომპანიებისთვისაც - მაგალითად, „Wizz Air“-ს ჰქონდა საკმაოდ ეკონომიური პაკეტები შეთავაზებული მოქალაქეებისთვის და დამატებით არაერთი ფრენა დაემატა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021