ლევან დავითაშვილმა პანელურ დისკუსიაში "შუა დერეფანი" მიიღო მონაწილეობა
26-10-2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „შუა დერეფნის“, როგორც საერთაშორისო კავშირების მნიშვნელოვან ფაქტორზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე ამავე სახელწოდების პანელურ დისკუსიაზე.

ლევან დავითაშვილმა, რომელიც პანელის მთავარი მომხსენებელი იყო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგზაო-სატრანსპორტო კავშირი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ყველა სექტორის განვითარებისთვის, ვაჭრობა იქნება ეს, ინვესტირება თუ სხვა. 

„ახლა უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება კავშირზე, ტრანსპორტზე. საგზაო კავშირები, საგზაო ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ კონკრეტულ სექტორს ვავითარებთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ყველა სექტორისა და დარგისთვის. ვაჭრობის, ინვესტირების გარდა ეს ზეგავლენას ახდენს ზოგადად უმუშევრობასა და საარსებო საშუალებებზე. ეს არის ერთი საკითხი, ინფრასტრუქტურაში მაღალი დანახარჯები კი ჩვენი მეორე პრიორიტეტია, რადგანაც ამას წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. 2021-2022 წელს საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა და ჩვენ გვსურს, რომ 2023 წელსაც შენარჩუნდეს ეს მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

„დაკაშირებადობა“ - ეს წლევანდელი „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემაა. დისკუსიის მონაწილეები ამ კონტექსტში განიხილავდნენ „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებს და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს. 

„ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვმონაწილეობთ ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებში, ასევე ვთანამშრომლობთ ისეთ ინიციატივაში, როგორიც „შუა დერეფანია“. გასულ წლის ნოემბერში, აქტაუში შუა დერეფნის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას, რომ უკვე დაწყებულიყო მასზე მუშაობა. ხუთი წელია წინ სამუშაოდ, იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, თანამშრომლობა, პოლიტიკა, საკანმომდებლო ჩარჩო და ა.შ. კიდევ საჭიროა აქტივობების, საქმიანობის კოორდინაცია - რომ ყველაფერი იყოს სანდო, მიმზიდველი, საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალე. ეს არის ჩვენც მიერ აღებული ვალდებულება და ახლა უკვე ვხედავთ, რომ მონაწილეები გამოირჩევიან ერთიანობით, ერთი მიდგომით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „შუა დერეფანთან“ დაკავშირებულ ყველა ქვეყანას განცხადებული აქვს სურვილი, დაძლეული იქნას პროექტთან დაკავშირებული გამოწვევები. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის საკმაოდ ეფექტიანი მარშუტი იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარების თემა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, არსებული გამოწვევების მიუხედავად. მისი თქმით, შუა დერეფნის პროექტში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, ასევე სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი შეიძლება იქნას გამოყენებული - სარკინიგზო, საზღვაო. ბევრი დაინტერესებული მხარეა კერძო სექტორიდან და ამიტომ მუშაობის პროცესში კოორდინაცია უმთავრესი პრიორიტეტის საგანი უნდა იყოს. 

„ჩვენ შეგვიძლია გავდოთ ხიდები არამარტო ფიზიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით - ეს გულისხმობს კარგ კოორდინაციასაც. ჩვენ ასევე უნდა გავიგოთ, საიდან და როგორ მოდის ჩვენთან ტვირთები, როგორ ხდება გადაზიდვა. შეიძლება ეს იყოს ჩინეთიდან, მაგრამ ასევე  გვაინტერესებს კავშირი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანაც“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

მისივე შეფასებით, აუცილებელია, კომფორტული სერვისების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ მომხმარებლებს, ამიტომ გაციფრულება შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე და ბოლოს ჩვენ მართლაც ვიქნებით ძალიან კონკურენტუნარიანი მარშრუტი. ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და თუ მისაღები ფასები იქნება, თუ ამ დერეფანში სიტუაცია პროგნოზირებადი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი კლიენტი და მომხმარებელი მოვიზიდოთ  გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ამასთან, ვიცე-პრემიერის შეფასებით, პროექტს შეიძლება მოკლევადიანი დადებითი შედეგები ჰქონდეს, დაჩქარდეს ტვირთების გადაზიდვა შუა დერეფანში, მაგრამ აუცილებელია რომ გამოყენებული იქნას ყველა ის წინაპირობა, რომელიც არსებობს. „მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ უფრო მეტი პარტნიორი და მათთვისაც გავხდეთ სანდრო პარტნიორი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პანელურ დისკუსიაში ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობენ რაშად ნაბიევი - აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ილხამ მახკამოვი,  კიტაკ ლიმი - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო. 


 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021