მარიამ ქვრივიშვილმა საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში პროფესიული პრაქტიკული კურსის დასრულების სერტიფიკატები გადასცა
28-04-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში პროფესიული პრაქტიკული კურსი წარმატებით დაასრულეს, სერტიფიკატები გადასცეს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულების საინჟინრო და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტები სააგენტოში პროფესიული პრაქტიკულ კურსს ყოველწლიურად გადიან.  
 
მარიამ ქვრივიშვილმა სტუდენტებს პროფესიული პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც წარმატებით და სწრაფი ტემპებით ვითარდება. 

„საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა და მთელი ქვეყნის მასშტაბით აეროპორტების და სხვა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ზრდის ახალგაზრდა სპეციალისტების სექტორში დასაქმების პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი პროფესიული პრაქტიკების თუ სხვა ტიპის თანამშრომლობის ფორმატების შეთავაზებით, ხელს შევუწყობთ სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრისთვის,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესიული პრაქტიკული კურსის გავლას სამოქალაქო ავიაციის სექტორის სხვა საჯარო უწყებებშიც შეძლებენ.  

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის გივი დავითაშვილის განცხადებით, სააგენტო აქტიურად არის ჩართული საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში. „უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წელს სტუდენტების მესამე ნაკადს ვუმასპინძლეთ. პრაქტიკა განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის ყველა მიმართულებით და მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ ასპექტებს. სასწავლო პრაქტიკები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება,“ - აღნიშნა გივი დავითაშვილმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკა 14 მარტიდან 28 აპრილამდე მიმდინარეობდა. სწავლების ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ უწყების საქმიანობას დარგის რეგულირების, ავიაკომპანიების ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტებისა და ავიასაწარმოების სერტიფიცირების და მათი ზედამხედველობის კუთხით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021