რომეო მიქაუტაძე რუსთავის მახლობლად ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესს გაეცნო
10-08-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რუსთავთან ახლოს ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესს გაეცნო - სოფელ მთისძირთან არსებულ  ჭაბურღილებს კომპანია Block Energy ჰორიზონტალური ბურღვების ტექნოლოგიით ამუშავებს, რის შედეგადაც ნავთობისა და გაზის  მოპოვების მაჩვენებლები თითქმის გააორმაგა.  კომპანიაში აცხადებენ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის,  პროდუქციის სახელმწიფო წილი,   სავარაუდოდ, 150%-ით მოიმატებს.

„კომპანიას პირველი ფაზის ფარგლებში უნდა დაემუშავებინა ექვსი ჭაბურღილი და აქედან უკვე დამუშავებულია ხუთი. ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია იყენებს, არის ჰორიზონტალური ლულებით დამუშავება, რაც განაპირობებს წარმადობის ზრდას რამდენჯერმე და ეს  დაფიქსირდა უკვე არსებული ხუთი ჭაბურღილის დამუშავებისას“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

მისი ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 25 მილიონი ლარია.

„ხაზგასასმელია, რომ კომპანია ასევე ძალიან აქტიურად მონაწილეობს მიმდებარე სოფლების სოციალურ პროგრამებში, დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომავალში აპირებს ზემოთაღნიშნული ტექნოლოგიით დაამუშაოს გაზის საბადოებიც“ -  განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ნავთობისა და გაზის ინოვაციური ტექნოლოგიით მოპოვების მნიშვნელობას გაუსვა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ტატიშვილმაც. მისი შეფასებით, ეს უზრუნველყოფს ძველი, უკვე ამოწურვაზე მყოფი საბადოებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემას და ასევე ახალი პროექტების წარმატებით განხორციელებას. ტატიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში იგეგმება გაზის მოპოვების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიც, რომელსაც ასევე კომპანია Block Energy განახორციელებს.

Block Energy plc ლონდონის საფონდო ბირჟის საერთაშორისო ბაზარზე რეგისტრირებული ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ახორციელებს 5 პროექტს საქართველოში. კომპანია ორიენტირებულია როგორც ადრე აღმოჩენილი საბადოების განვითარებაზე, ასევე ახალი საბადოების აღმოჩენაზე  ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021