ლევან დავითაშვილმა წინანდალში, „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
04-11-2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წინანდალში, „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ჟურნალისტები და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შვეიცარიული ასოციაციის, „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმი, წინანდლის მამულში პირველად ჩატარდა.  1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში. წინანდლის ღვინის სიმპოზიუმზე  სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო როგორც „ბორდო გრანდ კრუ“-ს კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.

„Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმის მასპინძლობით, წინანდალი და საქართველო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ღვინოების მწარმოებლებს შორის გამოჩნდა, რაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ღვინის სიმპოზიუმზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართული ღვინის სექტორის მხარდაჭერაზე. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის სექტორის მხარდაჭერა მიმდინარეობდა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს მევენახეობა და პირველი წარმოება, თუ ღვინის საწარმოების თანამედროვე დანადგარებით მოდერნიზება. 

„სექტორი ბოლო ათ წელში მართლაც შეიცვალა. ჩვენ დღეს გვყავს 2000-ზე მეტი ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანია, რომელიც რეგულარულად აკეთებს ანგარიშგებას ღვინის ეროვნულ სააგენტოში. ასევე გვყავს ასობით ექსპორტიორი ღვინის კომპანია, მაშინ როდესაც 2012 წლისთვის დაახლოებით 50 ღვინის კომპანია ფუნქციონირებდა. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით. ვახორციელებთ მიზნობრივი მარკეტინგულ კამპანიებს შერჩეულ სამიზნე ბაზრებზე და მას შემდეგ ქართული ღვინის ცნობადობის კამპანიები ყოველწლიურად ფინანსდება,“ - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, რომლის დროსაც გაიზარდა როგორც საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების, ასევე ქართული ღვინის ცნობადობაც. 

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის ისტორიის კვლევის პროექტზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთაშორისო ექსპერტებისთვის გაგვეცნო ქართული ღვინის ისტორია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სამეცნიერო ფაქტებზე და არ ყოფილიყო მხოლოდ ლეგენდები. 

წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ინიციატივა ეკუთვნის სილქ როუდ ჯგუფს. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ბანკია. 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021