ნინო ენუქიძემ გეოლოგის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
02-04-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცეს, რომელიც საქართველოში 1966 წლიდან აპრილის თვის პირველ კვირადღეს აღინიშნება. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გეოლოგია საქართველოში ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგი იყო, რომელიც ამჟამად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. „ჩვენ დავიწყეთ დარგის რეფორმა, ასევე ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს და მათთან ერთად ვმუშაობთ ახალი კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში. ამჟამად სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.4%-ს უზრუნველყოფს. 2022 წელს აღნიშნულ სექტორში მნიშვნელოვნად მაღალი რეალური ზრდა დაფიქსირდა და 22.8% შეადგინა. ვფიქრობთ, რომ რეფორმის დასრულების შემდეგ შევძლებთ ამ მაჩვენებლის ზრდას, რაც ნიშნავს დამატებით შემოსავლებს განსაკუთრებით რეგიონებში და ახალ სამუშაო ადგილებს,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.    

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ანდრო ასლანიშვილმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო აქტივობებზე ისაუბრა, ხოლო იმ გეოლოგებს, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალობა განსაკუთრებით სანიმუშოდ შეასრულეს, მადლობა გადაუხადა. მისი ინფორმაციით, სააგენტოში წარმატებით გრძელდება გეოლოგიურ ფონდში არსებული რუკების გაციფრულების სამუშაოები. მისი თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით სააგენტოში შემოვიდა 1 644 განცხადება, რის საფუძველზეც  678 ლიცენზია გაიცა. ამასთან, სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის მიერ 2022 წელს შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - 944 ოქმი. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, საზედამხედველო ფუნქციის  გაძლიერების მიზნით იგეგმება დამატებით სამი მონიტორინგის ჯგუფის შექმნა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021