„ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. ამ პოლიტიკის ნაწილია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მიმზიდველობის და კონკურენტუნარიანობის გლობალური პოზიციონირება. ამიტომ, უკვე მეორედ, საქართველო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ლისაბონის ტექნოლოგიურ სამიტში მონაწილეობს, სადაც წარვადგენთ იმ შესაძლებლობებს და უპირატესობებს, რასაც საქართველო ინოვაციურ სტარტაპებს სთავაზობს. ვებ-სამიტში მონაწილეობა ასევე შესაძლებლობას აძლევს ქართულ სტარტაპებს, გააცნონ თავიანთი ინოვაციური პროდუქტები და მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები და პარტნიორები“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც ქალაქ ლისაბონში მიმდინარე ვებ-სამიტზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.
აღნიშნულ ღონისძიებაში ქვეყნის მონაწილეობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფენ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს პავილიონი, სადაც მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებს. განსაკუთრებული ინტერესია ქუთაისში რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მიმართ, რომელიც უნდა გახდეს რეგიონის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიზიდულობის ცენტრი.
„ჩვენ, ფაქტობრივად ნულიდან, რამდენიმე წელიწადში შევქმენით სწრაფად განვითარებადი დინამიური ეკოსისტემა. მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება, რათა სტარტაპებს საქართველოში მეტი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მათ შორის, ვახორციელებთ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, ხელს ვუწყობთ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, საქართველოს ბაზარზე შემოვიყვანეთ საერთაშორისო მასშტაბის აქსელერატორი, რომელმაც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემა რეგიონულ და საერთაშორისო მასშტაბზე აიყვანა. ასევე შევქმენით ინკუბატორები, ტექნოპარკები და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პროგრამული და ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი მოკლე და საშალოვადიან პერსპექტივაში“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ლისაბონში მიმდინარე Web Summit 2024, 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს, მათ შორის ასეულობით სტარტაპს, ტექნოლოგიურ კომპანიასა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70