გენადი არველაძემ ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
24-07-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) ფარგლებში გამართულ რიგით მე-5 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება რუმინეთის დედაქალაქ ბუქრესტში ჩატარდა და მასში საქართველოს დელეგაცია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრის ერთობლივი მოწვევით მონაწილეობდა. დელეგაციაში ასევე იყო სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ.  პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ქვეყანა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით „ახალი ევროპული დანიშნულება“ მისცა. პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.  

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მინისტერიალის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანს ჯენიფერ გრანჰოლმს ფორუმზე მოწვევისთვის.  

გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივი წარმოების 80%-მდე მოდის განახლებადი ენერგიებზე, უმეტესად ჰიდროენერგიაზე, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების მთავარი წყაროა. მისი თქმით, ქვეყანაში მწვანე ენერგიის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა აამოქმედა, შედეგად, ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გაიზარდა. 

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში ელექტროენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურასა და მისი განვითარების ათწლიანი გეგმაზე, აგრეთვე სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოში ინერგება და ზრდის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს. გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა ელექტროენერგიის ქსელში შემნაცველი ბატარეების სისტემის დანერგვაზე, აგრეთვე მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის ამოქმედებაზე.  

მინისტრის მოადგილის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონულ თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოსა და მთელ რეგიონში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდების შესაძლებლობას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.   

თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთგულებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ჩვენი შემდეგი მიზანია, მივაღწიოთ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა წინ წავიწიოთ რეფორმების პროცესში აღებული ვალდებულებების შესაბამისად“ - განაცხადა გენადი არველაძემ.  

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ენდრიუ ლაითს შეხვდნენ. გენადი არველაძემ ენდრიუ ლაითს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, 2023 წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მინისტრის მოადგილემ ასევე პოზიტიურად შეაფასა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ. შეხვედრაზე აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე მიესალმა ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკის განვითარებისკენ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მან ქართულ მხარეს შესთავაზა ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის სისტემის განვითარების მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური დახმარება. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით.