ლევან დავითაშვილმა ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა 
25-06-2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს მათი პროფესიული - მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბათუმში მიულოცა და მადლობა გადაუხადა ღირსეული და მაღალპროფესიული საქმიანობისთვის.  ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა ამ დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში. სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დარგის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ პროცესში ქართველი მეზღვაურების დიდ როლზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა მთავარი აქცენტი მთავრობის მიერ საზღვაო სექტორში  გაწეულ სამუშაოსა და მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.   

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო-სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის  მნიშვნელოვანი, მეტიც, საკვანძო ნაწილი. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ საზღვაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.  

25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო  ორგანიზაციის (IMO) დიპლომატიური  კონფერენციის გადაწყვეტილებით 2010 წელს გამოცხადდა,  საქართველო  მას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასა და სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს. 2024 წლის კამპანია ეძღვნება მეზღვაურთა წვლილს საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად გადაქცევის საქმეში (ჰეშთეგი: #SafetyTipsAtSea).    

მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაიწყო - რუსთაველის ქუჩის გავლით ნავმისადგომისკენ აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა გაიმართა, შემდეგ კი საზღვაო აკადემიის კურსანტთა ფიცის დადების ცერემონია. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა, საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ, სექტორის სხვა წარმომადგენლებმა, ყოფილმა და მოქმედმა მეზღვაურებმა,  სტუდენტებმა. ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

პირველმა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საზღვაო ინფრასტრუქტურისა და მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ამ პროცესში ასევე საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული  განათლების მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, საზღვაო განათლების და პროფესიული მომზადების მხარდაჭერა იყო და რჩება მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად და ამ კუთხით მისი უწყება აქტიურად მუშაობს.  

„ვფიქრობ, ამოცანას თავს წარმატებით ვართმევთ - არაერთი სისტემური რეფორმა და ინოვაციური პროექტი განხორციელდა მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების სისტემის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მიღწეულმა შედეგებმა საშუალება მოგვცა, რეფორმების ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, პირველ რიგში, ეს შეეხება მეზღვაურთა დასაქმებას, მათი შრომითი უფლებების დაცვას და სოციალური გარანტიების შექმნას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.   

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 1-ლ ივლისს ძალაში შედის კანონი "მეზღვაურთა შრომის შესახებ", რომელიც ახალ რეალობას შექმნის ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. ამასთან, მისი ინფორმაციით, ყოველწლიურად იზრდება მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი - საქართველოს 18000-ზე მეტი აქტიური მეზღვაური ჰყავს, რომელთაც უკვე 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს რიცხვები ადასტურებს ქართველ მეზღვაურთა როლს  და კონტრიბუციას საქართველოს ეკონომიკაში.   

„ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ საზღვაო სერვისების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, მათ შორის სანავსადგურე სექტორში. წარმატებით შესრულდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წინაშე ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულება და საქართველომ 2024 წლის 1-ლ იანვარს "ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა" საპილოტე რეჟიმში გაუშვა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც პირველმა ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა, ქართული ფლოტის აღდგენა-განვითარებაა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მიზნით მისი უწყება აქტიურად მუშაობს.   

„ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვაქვს არაერთი ინიციატივა, რათა ჩვენი პროფესიონალი, ღირსეული მეზღვაურები არამხოლოდ სხვა ქვეყნების მცურავ საშუალებებზე დასაქმდნენ, არამედ მათ საშუალება ჰქონდეთ, ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ქართული ფლოტი აღდგენილია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.   

მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დღეს ასევე საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი სიმამაცისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021