ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და მშენებლობისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა
10-05-2024

2024 წლის 10 მაისს 17:00 საათზე შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა. 

საერთაშორისო ტენდერი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად 2024 წლის 15 მარტს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ  პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ. 

სატენდერო კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგელობაში ასევე წარმოდგენილი  იყო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.  პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნა. ოთხი კომპანიიდან, რომელთაც სატენდერო დოკუმენტაცია დაეგზავნათ, ტენდერში მონაწილეობა სამმა მიიღო. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოწვეულ პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ წინადადების წარმოდგენა, რომელიც შედგებოდა ტექნიკური და ფინანსური ნაწილებისაგან.  

პროექტის სირთულისა და სპეციფიკაზე მითითებით პრეტენდენტების მიერ მოთხოვნილ იქნა სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივება, რომელიც გაგრძელებულ იქნა 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით.

ორკონვერტიანი შესყიდვის პროცედურის თანახმად, 10 მაისის კომისიის სხდომაზე მხოლოდ ტექნიკური წინადადებების კონვერტი გაიხსნა. კომისია იმსჯელებს და განიხილავს წარმოდგენილ წინადადებებს და გამარჯვებულად გამოვლინდება ის პრეტენდენტი, რომლის წინადადებაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ჯამურად (ტექნიკური წინადადების ქულას პლუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლეს შეფასებას (ქულას) მიიღებს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა საქართველოს მთავრობის და ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, შესაბამისად კომისია და შესაბამისი ჩართული უწყებები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დროულად მოხდეს პროექტის მშენებლობის დაწყება. დღეს დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარმოდგენის მიღება. საზღვაო სამუშაოების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელიც საჯაროდ გაიხსნა. უახლოეს პერიოდში კომისია კონსულტანტთან ერთად იმსჯელებს გამარჯვებულის გამოსავლენად“- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.